„იელთი ჯგუფი“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მხარდამჭერი და სპონსორია.
აღნიშნულ პარტნიორობას „იელთი ჯგუფისთვის“ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან კომპანიის საქმიანობა დეველოპმენტთან ერთად სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მიმართულებებსაც აერთიანებს. საერთაშორისო სასტუმრო ბრენდებთან (როგორიცაა Wyndham Group და Barceló Group) თანამშრომლობა, საცხოვრებელი, სასტუმრო და აპარტოტელის ტიპის პროექტების განვითარება და თანამედროვე სტუმარმასპინძლობის სერვისების დანერგვა კომპანიის საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია. „იელთი ჯგუფის“ საქმიანობის მასშტაბს ადასტურებს ისიც, რომ მის პროექტებში მესაკუთრე-ინვესტორები 71 ქვეყნის პასპორტით არიან წარმოდგენილი.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მხარდაჭერა სრულად ეხმიანება „იელთი ჯგუფის“ ხედვას - ხელი შეუწყოს ქვეყანაში ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებას, მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, სექტორის გამორჩეული მიღწევების წარმოჩენასა და საქართველოს, როგორც მიმზიდველი საერთაშორისო ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციას.
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2015 წლიდან აერთიანებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებს. 2026 წელს პროექტი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა და დაჯილდოების ფორმატი ინდუსტრიის განვითარების მასშტაბურ პლატფორმად ჩამოყალიბდა.
ინიციატივის მიზანია როგორც ინდივიდუალური და კორპორაციული მიღწევების აღიარება, ასევე ტურიზმის ეკოსისტემის განვითარება, ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესება, ინოვაციების წახალისება და ინდუსტრიაში პროფესიონალიზმის გაძლიერება.
„საქართველოს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოება 2026“-ის (National Tourism Awards 2026) საზეიმო ცერემონია 28 ოქტომბერს თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.