ესპანეთში გაიმართა შეხვედრა საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს, მისი აღმატებულება ალექსანდრე ჭკუასელსა და „იელთი ჯგუფის“ დამფუძნებელს, ბატონ ელგუჯა თურმანიძეს შორის. შეხვედრამ მკაფიოდ გამოკვეთა ორივე მხარის სურვილი გააღრმავონ ქართულ-ესპანური თანამშრომლობა ეკონომიკისა და ინვესტიციების მიმართულებით.

მხარეებმა მიმოიხილეს როგორც უკვე განხორციელებული, ისე მიმდინარე პროექტები, რომლებიც „იელთი ჯგუფის“ და ესპანურ კომპანიებს შორის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინიციატივებს, რომელთა დასაწყისიც უკავშირდება მისი აღმატებულების, ალექსანდრე ჭკუასელის მხარდაჭერას ბარსელონაში გენერალური კონსულის თანამდებობაზე მოღვაწეობის პერიოდში.

მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო „იელთი ჯგუფსა“ და საერთაშორისო სასტუმრო ბრენდ Barceló Hotel Group-ს შორის თანამშრომლობის საფუძვლის ჩაყრა — პარტნიორობა, რომელიც დღეს რეალურ სახეს იღებს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ დეველოპერულ პროექტში — „ესპანურ კვარტალში“.

შეხვედრაზე მხარეებმა გააზიარეს ხედვები და დასახეს კონკრეტული სტრატეგიული მიმართულებები სამომავლო თანამშრომლობისთვის. მათ შორის განხილულ იქნა ესპანური კაპიტალის გააქტიურების შესაძლებლობები საქართველოში და ქართული ბიზნესის ინტეგრაცია ესპანურ საინვესტიციო სივრცეში.

„იელთი ჯგუფის“ სახელით გულწრფელად ვულოცავთ მის აღმატებულებას, ბატონ ალექსანდრე ჭკუასელს ელჩის თანამდებობაზე დანიშვნას და ვუსურვებთ წარმატებულ დიპლომატიურ საქმიანობას!